გაიცანით საქართველო!

get to know georgia

გონიო

გონიო — დასახლება ქალაქ ბათუმში, გონიო-კვარიათის უბანში, ყოფილი სოფელი. მდებარეობს მდინარე ჭოროხის მარცხენა მხარეს, შავი ზღვის პირას, ზღვის დონიდან 30 მ. ბათუმის ცენტრიდან 12 კმ. გონიო ერთ-ერთი პოპულარული ზღვისპირა კურორტია საქართველოში. გონიოში არის საჯარო სკოლა და სარადარო სადგური.

ისტორია

არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით უძველესი დასახლება გონიოში ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებით თარიღდება. ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნის 70-იან წლებში გონიოში ჩნდება ციხესიმაგრე აფსარუნტი. სახელწოდება გონიო პირველად იხსენიება XIV სუაკუნის ტრაპიზონელი მემატიანის მიქაელ პანარეტოსის „ტრაპეზუნდის ქრონიკაში“. ერთხანს ის გენუის რესპუბლიკის სავაჭრო ფაქტორია იყო. 1547 წელს გონიო (გონია) ოსმალებმა დაიკავეს და შემდგომი დაპყრობების პლაცდარმად აქციეს.

XVII საუკუნის მიწურულს გონიოს ფლობდნენ თავდგირიძეები. XVII საუკუნის ბოლოს გურიელმა თავდგირიძეს ბათუმი და გონიო დაუმორჩილებლობის გამო წაართვა. თავდგირიძეების გვარის ორმა წარმომადგენელმა ისლამი მიიღო და ოსმალეთის იმპერიის დახმარებით დაესაკუთრა გონიოს. 1718 წელს სანჯაყ-ბეგ აჰმედ თავდგირიძემ და მისმა ძმამ მუსტაფა ბეგმა სულთანისგან მიიღეს სანჯაყი და ნაჰიე: ბათუმი, გონიო, ანარია, ქისატური, ახალშენი, ყოროლისთავი, სამება, ლიმანის თევზის სარეწი და მდინარე ჭოროხში მცურავი ნავის ბაჟი.

ოსმალეთის იმპერიის ადმინისტრაციული დაყოფით გონიოს კაზა შედიოდა ტრაპიზონის ვილაიეთის ლაზისტანის სანჯაყში. გონიოს კაზაში 1865 წელს შედიოდა 50 სოფელი და ცხოვრობდა 5275 ადამიანი. მოსახლეობას მოჰყავდა სიმინდი და ფეტვი.[3] გონიო ოსმალეთის მფლობელობაში იყო 1878 წლამდე. სან-სტეფანოს ზავის მიხედვით გონიო, ისევე როგორც მთელი აჭარა გადაეცა რუსეთის იმპერიას. გონიო, როგორც სოფელი შევიდა ბათუმის ოკრუგის შემადგენლობაში. ამავდროულად ის იყო გონიოს საპოლიციო უბნის ცენტრი

1930 წლიდან გონიო შევიდა ხელვაჩაურის რაიონის შემადგენლობაში. გონიოს სოფსაბჭო მოიცავდა სოფლებს: ავგია, ახალსოფელი და კვარიათი. საბჭოთა დროს განვითარებული იყო მეჩაიეობა, მეციტრუსეობა და მეცხოველეობა. მოქმედებდა ციტრუსების შემფუთავი ქარხანა. 2011 წელს ქალაქ ბათუმის საზღვრების გაფართოების შემდეგ მოექცა ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში.[4] დღეს ერთ-ერთი პოპულარული ზღვისპირა კურორტია.

გონიოს ციხე

გონიოს ციხე, აფსაროსი — ისტორიული ციხესიმაგრე საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში. მდებარეობს ისტორიული ლაზეთის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ჭოროხის შავი ზღვის შესართავთან, მის მარცხენა ნაპირზე.

ისტორია

ძველად ციხეს გვერდით ჭოროხის მარცხენა შენაკადი ჩამოდიოდა. ხალხურ თქმულებებში თავისებურად აღბეჭდილია ეს ფაქტი. თქმულებების მიხედვით, ციხეს უწინ თურმე ჭოროხი ჩამოუვლიდა და ციხის მახლობლადიქვე ზღვას ერთვოდაო. გადმოცემის მიხედვით, ამ მდინარეს უწინ სანაოსნო მნიშვნელობა ჰქონია: აქედან ძველად ნავებით ართვინში გადადიოდნენო. დროთა განმავლობაში ჭოროხის ეს ტოტი ჩაკეტილა და ტბად გადაქცეულა. ასე შექმნილა ტბა, რომელიც დღეს გონიოს ტბის სახელითაა ცნობილი.

ანტიკური მწერლები საკმაო სისრულით აღწერენ კოლხეთის ზღვის სანაპიროს. კოლხეთის ზღვად სტრაბონს მიჩნეული აქვს შავი ზღვის ნაწილი კოლხეთის სანაპიროზე. გურ რომაელი მწერალი გაიოს პლინუს უფროსი (ახ. წ. I ს.) გადმოგვცემს, რომ აღმოსავლეთისაკენ „140 000 ნაბიჯზე ტრაპეზუნტიდან არის მდინარე აბსარი (Absarus), რომლის შესართავთან იმავე სახელობის მქონე ციხე-სიმაგრეა“[3]. ამ ცნობაში დადასტურებულია ტრაპეზუნდიდან აღმოსავლეთისაკენ მდინარე აფსარი და ამ აფსარის შესართავთან აფსარის ციხე.

გონიოს ციხე XII საუკუნის შემდგომდროინდელი სახელწოდებაა. XIII საუკუნიდან გონია გურიის საზღვრებში შედიოდა როგორც ადმინისტრაციულად, ასევე ეკლესიურად. გონიას საზღვრებიდან იწყებოდა ანჩის საეპისკოპოსო. 1547 წელს ჭანეთი გონიითურთ ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრპ. გურიელთა ბრძოლას გონია-ჭანეთის გამოხსნისათვის შედეგი არ მოჰყოლია. ოსმალებმა გონიო გაამაგრეს და ის გურიის სამთავროზე თავდასხმების პლაცდარმად აქციეს. 1617-1618 წლებში სულთანმა გონიო სარჩოდ მისცა თეიმურაზ I-ს. 1640 წელს ციხე აიღეს დონის კაზაკებმა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ის ოსმალეთმა უკან წაართვა კაზაკებს. 1672-1673 წლებში გიონიოში იმყოფებოდა ჟან შარდენი. ამ დროს გონიოში იდგა იანიჩართა მცირე გარნიზონი და ორი ზარბაზანი. XVII საუკუნის მიწურულს გონიო თავდგირიძეების გამაჰმადიანებული შტოს ხელში იყო.